პროტესტანტობა, კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის გვერდით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ქრისტიანობაში. პროტესტანტიზმი მრავალი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას მოიცავს, ყოველი მათგანი სათავეს რეფორმაციიდან იღებს. იგი ეკლესიათა და დენომინაციათა გარეგნული ფორმებისა და რიტუალების ნაირგვარობით გამოირჩევა. ამის გამო მისი მხოლოდ ზოგადი შტრიხებით დახასიათებაა შესაძლებელი. პროტესტანტიზმი იზიარებს საერთო ქრისტიანულ მოძღვრებას ღმერთის არსების, მისი სამბუნებოვნების, სულის უკვდავების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ (თუმცა ამავე დროს უარყოფს კათოლოკურ სწავლებას განსაწმენდელზე). პროტესტანტული მოძრაობისათვის ამოსავალია შემდეგი ოთხი პუნქტი: 1. მხოლოდ რწმენით (sola fide) ცხონდება ადამიანი და არა კეთილი საქმეებით (რომლებსაც შეიძლება ანგარებაც ედოს საფუძვლად), 2. მხოლოდ მადლით (sola gratia) მოიპოვება ხსნა და არა საკუთარი ქმედებებით, 3. მხოლოდ ქრისტე (solus Christus) არის მორწმუნეთა ავტორიტეტი და არა ეკლესია, 4. მხოლოდ წმიდა წერილი (sola scriptura) არის ქრისტიანული რწმენის საფუძველი და არა საეკლესიო ტრადიცია.
წინამორბედები
რეფორმაციისა და პროტესტანტობის ისტორია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ისინი ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე მიზეზების გამო წარმოიშვნენ. დიდი სქიზმიდან სამი საუკუნის შემდეგ რომის კათოლიკე ეკლესიაში, უფრო სწორად, დასავლეთ ევროპის ჩრდილოეთში, რეფორმატორული მოძრაობა დაიწყო. ძირითად მიზეზად დასახელებულია რომის ეკლესიის რიგორიზმი, ანუ სიმკაცრე, კულტმსახურების გადატვირთვა, დოგმატების სიმრავლე, კანონიკური სტრუქტურის სირთულე და, რაც მთავარია, პაპების სარწმუნოებრივ-პოლიტიკური გავლენის ზრდა. მაგრამ ამგვარ ანტიკათოლიკურ მოძრაობას რეფორმაციამდე დიდი ხნით ადრეც ჰქონდა ადგილი. ასეთი ხასიათის მქონე მთელი რიგი კონფესიები (ვალდენსები, მორავიელთა საძმო და სხვ.) დღემდე შემორჩნენ. მათ შეიძლება რეფორმაციამდელი პროტესტანტული კონფესიები ვუწოდოთ.
ვიკლიფი თავის დროზე მკაცრად გააკრიტიკეს. მან და მისმა მომხრეებმა დევნა და ლანძღვა იწვნიეს, მაგრამ ფარხმალი არ დაუყრიათ და რეფორმატორულ-პროტესტანტულ იდეებს გზა გაუკვალეს. ეკლესიის ვიკლიფისეული ხედვა ინგლისში მოსწავლე ჩეხმა სტუდენტებმა სამშობლოში ჩაიტანეს, სადაც მან იან ჰუსის მოღვაწეობაში ჰპოვა გაგრძელება.
იან ჰუსმა, ბეთლემის ეკლესიის მღვდელმა, 1409 წლიდან პრაღის უნივერსიტეტის რექტორმა, ვიკლიფის იდეები გაითავისა და ეკლესიის რეფორმირების აუცილებლობაზე დაიწყო ქადაგება. მისი მოღვაწეობა ჩეხური ნაციონალური თვითშეგნების ამაღლების პერიოდს დაემთხვა. ამ დროს ჩეხეთში წმიდა რომის იმპერიის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ხალხის უკმაყოფილების დასათრგუნავად იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა და პაპმა მარტინ V-მ კონსტანცაში საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელზედაც იან ჰუსი, მისი მიმდევარი იერონიმ პრაღელი ერეტიკოსებად შერაცხეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. ერეტიკოსად გამოცხადდა ჯონ ვიკლიფიც.
რეფორმაციის დასაწყისი
1517 წლის 31 ოქტომბერს კათოლიკე ბერმა მარტინ ლუთერმა (იხ. ევანგელურლუთერანული ეკლესია) ვიტენბერგის ეკლესიის მთავარი შესასვლელის კარზე „95 თეზისი“ მიაჭედა. განსასჯელად გამოტანილი იყო კათოლიკური ეკლესიისა და პაპის კრიტიკის შემცველი 95 პუნქტი. მარტინ ლუთერი რომს ინდულგენციების, განსაწმენდელის შესახებ მოძღვრების, ღვთისმშობლისა და წმინდანების თაყვანისცემის, ცელიბატის (მღვდლების უქორწინებლობლის აუცილებლობის), საეკლესიო საიდუმლოებების, სამონაზვნო პრაქტიკის, პაპის აბსოლუტური ავტორიტეტის, სიმონიის (საეკლესიო თანამდებობების ყიდვის) და სხვა წეს-ჩვეულებებისა და დოქტრინების გამო დაუპირისპირდა. იგი საეკლესიო ცხოვრების სათავეებთან დაბრუნებას მოითხოვდა.
ამ რეფორმატორული სულისკვეთების უმთავრესი შედეგი პროტესტანტიზმის აღმოცენება გახდა. 1529 წელს ქალაქ შპაიერში შემდგარმა რაიხსტაგის სხდომამ წმინდა რომის იმპერიის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს მიერ 1526 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, რომლის მიხედვით ნებისმიერ გერმანელ თავადს ნებისმიერი თავისი ქვეშევრომისთვის შეეძლო მისთვის მისაღები რწმენის აღიარება მოეთხოვა პრინციპით: ვისი მიწაცაა, სარწმუნოებაც მისია. პირველი აქტით ლუთერანები, ფაქტობრივად, კათოლიკეებთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რის გამოც ხუთმა გერმანელმა მთავარმა და თოთხმეტმა თავისუფალმა ქალაქმა პროტესტი გამოხატა. ამის შემდეგ რეფორმაციის მომხრეებს პროტესტანტები დაერქვათ.
პროტესტანტიზმი თავიდანვე, XVI საუკუნიდანვე, სამი მიმდინარეობის სახით მოგვევლინა. მათი დამაარსებლები არიან: მარტინ ლუთერი (1483-1546), ულრიხ ცვინგლი (1484-1531) და ჟან კალვინი (1509-1564). რეფორმაციის მამებს ბევრი საერთო და ბევრი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. საერთოა, მაგალითად, იმის აღიარება, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია ინდივიდუალურად შეიტყოს ბიბლიიდან, რა და როგორ უნდა სწამდეს, ეკლესიის მამათა ავტორიტეტის გათვალისწინება აქ აუცილებელი არაა.
ლუთერის მოძღვრებამ გერმანიაში, სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჟან კალვინისამ შვეიცარიაში, შოტლანდიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ინგლისში გაიდგა ფესვი. ულრიხ ცვინგლის გავლენის არეალი კი, ძირითადად, შცეიცარიით შემოიფარგლა.
|
რეფორმაცია
Friday, January 4, 2019
რეფორმაცია
Subscribe to:
Posts (Atom)